ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან საჩუქრად მიღებული რევოლვერი მუზეუმს გადასცა.
ფინეთის სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, პრეზდენტის ადმინისტრაციამ ერდოღანის მიერ ნაჩუქარი რევოლვერი თავდაპირველად პოლიციას გადასცა, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, იარაღი მუზეუმისთვის გადაეცა.
როგორც ცნობილია, სავარუდოდ, რევოლვერს ფინეთის სამხედრო მუზეუმში გადაიტანენ, სადაც ქვეყნის სამხედრო და იარაღის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები ინახება.
ფინეთში იარაღის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისთვის საფუძვლიანი მიზეზია საჭირო. იმ შემთხვევაში თუ სტუბს იარაღის შენახვა მოესურვებოდა, მას საჭირო ნებართვა უნდა მიეღო ან რევოლვერის დეაქტივაცია მოუწევდა.
ცნობისთვის, 7-8 ივლისს თურქეთმა ნატო-ს სამიტს უმასპინძლა. ანკარაში, სამიტზე ჩასულ ევროპელ ლიდერებს თურქეთის პრეზიდენტმა გრავირებული პისტოლეტები და საბრძოლო ვაზნები აჩუქა.
მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ერდოღანის საჩუქარი თურქეთში დატოვა, რადგან საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის დიდ ბრიტანეთში იმპორტი კანონით აკრძალულია. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ამანათის შიგთავსის შესახებ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო და იძულებული გახდა, რევოლვერი აეროპორტში სამართალდამცავი ორგანოებისთვის ჩაებარებინა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი კი იძულებული გახდა, საჩუქრად მიღებული რევოლვერი თურქეთში დაეტოვებინა, რადგან ესტონეთის კანონმდებლობა მსგავსი იარაღის იმპორტირებას კრძალავს.
