ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, – ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ადგილებზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და „სპეციალური სერვისების“ სამსახურები. სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ინტენსიური, გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობის დასახმარებლად. დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 595250309“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.