“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გუშინ რუსთველის გამზირზე განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო.
მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ არა პროტესტი და აქცია, არამედ, პირდაპირი გაგებით, რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
“რადიკალური ოპოზიცია ეძებს ნებისმიერ საბაბს, რომ შეიყვანონ შეცდომაში ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, ისე, რომ არ წააკითხოს არაფერი. ჩვენ ვნახეთ არა პროტესტი და აქცია, არამედ, პირდაპირი გაგებით, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. რომელ სახელმწიფოში დაუშვებენ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდეს და მილიონ-ნახევარი ადამიანის გადაწყვეტილება რევოლუციით შეცვალოს?! ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულება და ევროინტეგრაცია. არ გვინდა კაცების გათხოვების დაკანონება, არ გვინდა ომი, არ გვინდა შავი ფულის ტრიალი, რა არის აქ ანტიევროპული? ჩვენ მივყვებით ასოცირების შეთანხმებას და რადგან 2030 წლამდე არის ეს დრო, ჩვენ 2028 წლისთვის უკვე ვიქნებით მზად, რომ მოვითხოვოთ ეს მოლაპარაკებების გახსნა, რათა სავაჭრო აღარ გახდეს ეს თემა, ამიტომ ვამბობ, ეს მოლაპარაკებები ჩვენ გახსნილი გვაქვს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.