ოპოზიციის გეგმა, რომ გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღოს, პარალიზება მოხდეს სახელმწიფო დაწესებულებების, ბიზნესის, პრაქტიკულად ჩავარდა. ამიტომ საჭირო გახდა ძალადობრივი მეთოდები, – განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“-ში.
მისივე თქმით, ამ „ფერად რევოლუციებს“ წარმატება მაშინ აქვთ, როცა მასში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.
„რა მიზანი აქვთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩვენ ვიცით რამდენი არიან ისინი. ისინი არათუ 2-3-5 ათასი, არამედ მთელი 300 000 ადამიანია მარტო თბილისში და 800 000-მდე არის საქართველოში. ამ ადამიანებს, არა ყველას, რა თქმა უნდა, აჯერებენ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების დასაცავად. ასევე, აჯერებენ იმას, რომ ხელისუფლებამ გეზი შეცვალა და მიდის პირდაპირ რუსეთის ჭაობისკენ. [ამბობენ] დადექით სწორ მხარეს, ხალხის მხარეს. რა შემთხვევაში აქვს ხოლმე წარმატება ამ ე.წ. „ფერად რევოლუციებს“? როდესაც ის იღებს მასობრივ ხასიათს. აქ საუბარია ასი ათასობით ადამიანზე, შეიძლება მილიონსაც მიაღწიოს. აქვთ გაფიცვები, დემონსტრაციები და მრავალი სხვა მეთოდი. ის გეგმები, რაც ოპოზიციას აქვს, რომ ამ გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღოს, პარალიზება მოხდეს სახელმწიფო დაწესებულებების, ბიზნესის, პრაქტიკულად ჩავარდა. ამიტომ მოხდა ყველაფერი – როდესაც მასობრივი სახე მშვიდობიანი ფორმით არ გამოდის, ამიტომ არის საჭირო ძალადობრივი მეთოდები. დღევანდელი მდგომარეობა აქციაზე, მშვიდი პროტესტი, რა თქმა უნდა, არანაირად აწყობს ოპოზიციას, რადგან ეს არის მილევადი პროცესი“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ოპოზიცია ძალიან ცუდ სტანდარტს ამკვიდრებს, როცა თავის მოპოვებულ მანდატებს არ ცნობს და პარლამენტში არ შედის.
„ე.ი. თუ ადამიანები ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, რაღაც ავადმყოფური წესი დაამკვიდრეს, რომ გამარჯვება არის უმრავლესობა. არადა 200-300 და 400 ათასი ხმა არის 20-30-40 მანდატი და მათ მთლად 40% მოიპოვეს, 61 ადგილი. საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ ამბობენ, არა – ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში ოპოზიციად, მხოლოდ ხელისუფლება გვინდა, თორემ ისე ამას არ შევეგუებით. ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება, ეს რომ ტრადიციად დამკვიდრდეს. ვინც წააგებს, პარლამენტში არ შევიდნენ, ერთპარტიული პარლამენტი დატოვონ, მუდმივად აჯანჯღარონ, იმიტომ, რომ უცხოელებისგან მოითხოვონ სანქციების დაწესება, იქ ლარი გაუფასურდეს და ა.შ. პრაქტიკულად ისინი შეგნებულად თუ შეუგნებლად, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური დასუსტებისთვის იბრძვიან“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.