თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე ჯონ ფაინერი მიიჩნევს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მეტყველებს.
ფაინერის თქმით, მოსკოვი და თეირანი, რომლებიც ასადის რეჟიმის ძირითად საყრდენს წარმოადგენდნენ, „მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდნენ, და ეს არ იყო უბრალო შეცდომა“.
„[ასადის] რეჟიმი სირიაში ფაქტობრივად რუსულ-ირანულ ერთობლივ საწარმოდ იქცა, და ორ პარტნიორს აღარ შეეძლოთ დახმარების აღმოჩენა, რომელიც გადარჩენისთვის იყო საჭირო. ეს დიდწილად ხსნის იმას, თუ რატომ ვერ დარჩა ასადი ხელისუფლებაში“, – თქვა ფაინერმა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ეს ახლო აღმოსავლეთში ირანის პირველი დანაკარგი არ არის. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკანასკნელ თვეებში ისრაელთან ომის შედეგად შესუსტდნენ პროირანული დაჯგუფებები „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“.