გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.
„რას იტყვით, თუ ბოლოსდაბოლოს რომელიმე თქვენგანი საბოლოოდ თვითმფრინავში ჩაჯდება და გაფრინდება თბილისში, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მართა კოს, ანტონიუ კოშტა? იქ ადამიანები არა უფრო მეტი დასვენების დღეებისა და უფრო მაღალი პენსიებისთვის, არამედ ევროპული ღირებულებებისთვის აპროტესტებენ. უკვე დაგავიწყდათ?“, – დაწერა მან.
ცნობისთვის, ჰერჩინსკიმ გუშინ მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ კი გამოითქვა წუხილი, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას.