მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობის შემოღება რუსეთიდან გაზის იმპორტის შეჩერების საფრთხეს უკავშირდება.
როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ქვეყანა კონტრაქტის მიხედვით რუსეთიდან გაზს 2026 წლამდე უნდა იღებდეს. 2022 წლის შემოდგომიდან რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება დღეში 5,7 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა, რაც გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც მოლდოვის მოსახლეობა ზამთრის პერიოდში მოიხმარს.
2023 წლის ბოლოდან კი, იმპორტირებული რუსული გაზის დიდი ნაწილი დნესტრისპირეთში თბოელექტროსადგურს ხმარდება, რათა მან ელექტროენერგია გამოიმუშაოს.
ამა წლის ნოემბრის ბოლოს მოლდოვის ენერგეტიკის უკვე ყოფილი მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი რუსეთში ჩავიდა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით პარლიკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.