“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქის, მათ შორის მინისტრების, პარლამენტის წევრების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, საქართველოში ვერშემდგარ რევოლუციას და რადიკალების აქციებს ახალისებს, ახლა კი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების “დასჯა” გადაწყვიტეს.
“კიდევ რა შეიძლება გააფუჭოს აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ? ტრამპის მიერ დეკლარირებული მშვიდობის საწინააღმდეგოდ უკრაინას ნებას აძლევს რუსეთს რაკეტები ესროლოს, რასაც პუტინის მიერ უკრაინის ასევე რაკეტებით დაბომბვა მოჰყვა. საქართველოში ვერშემდგარ რევოლუციას, რადიკალების აქციებს მხარდამჭერი განცხადებებით ახალისებს. ახლა თურმე ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების სავიზო შეზღუდვებით “დასჯა” გადაუწყვეტია. “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა წინა ხელისუფლებას, რომლის პრეზიდენტიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული უმეტესობა, სერიოზულ კრიმინალის ჩადენის გამო ან გასამართლებული ან ძებნილები არიან. ამიტომაცაა, რომ ტრამპის კაბინეტში შესვლას ველოდებით, რათა დასრულდეს ეს სამარცხვინო უსამართლობა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები კი შესაფერისად და ღირსეულად, თანასწორუფლებიანობის პრინციპით აღდგეს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.