ნატო უნდა გადავიდეს საომარ აზროვნებაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით მოსკოვი უკრაინასა და ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება.
„რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება. კიბერშეტევები, აფეთქება ჩეხეთის საბრძოლო მასალის საცავში, ბალტიის რეგიონში რადარების დაბლოკვა საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების „იარაღად გამოყენება – ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები. ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდეს. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც 4-5 წელიწადში გველოდება. საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ. ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება, აქაც მოხდეს და ამ ომის შედეგის მიუხედავად, ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხოდ მომავალში, თუ მზად არ ვიქნებით საფრთხესთან გასამკლავებლად“, – განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ცივი ომის დროს ევროპელებმა მშპ-ის 3%-ზე მეტი დახარჯეს თავდაცვაზე.
„ჩვენ თუ ახლა ერთად არ დავხარჯავთ მეტს, რათა თავიდან ავიცილოთ ომი, მოგვიანებით გადავიხდით ბევრად, ბევრად, ბევრად მაღალ ფასს მის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა რუტემ.
„ბიბისისთან“ საუბრისას რუტემ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მართალი იყო, როდესაც თავისი პირველი ვადის პერიოდში ქვეყნებს თავდაცვაში მეტის დახარჯვას აიძულებდა.
„ამ თვალსაზრისით, ის სრულიად მართალი იყო. მე ნამდვილად ვევედრები ნატო-ს ტერიტორიაზე მცხოვრებ მილიარდ ადამიანს, განსაკუთრებით კანადასა და ევროპაში, დაუძახეთ თქვენს პოლიტიკოსებს, უთხარით მათ, რომ ეთანხმებით, რომ დიახ, ეს რთულია, ეს ნიშნავს გარკვეულწილად ნაკლები თანხის დახარჯვას ზოგიერთ სხვა საკითხზე, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ მათ, თქვენმა პოლიტიკოსებმა, უპირატესობა მიანიჭონ თავდაცვას, რადგან ეს გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა აქ არის ის, რომ თუ გყავთ შვილები, შვილიშვილები, თუ ფიქრობთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრების წესი, დემოკრატია, ჩვენი ღირებულებები, მაშინ ჩვენ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ თავდაცვას. ამას თუ არ გავაკეთეთ, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვიქნებით“, – განაცხადა რუტემ.