მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ რაც დრო გადის მაყურებელი მით უფრო მეტად შედის აზარტში. უამრავი ადამიანისთვის სტანისლავ ბონდარენკოსა და ნიკე კეშელავას წყვილია ფავორიტი. სტანისლავზე შეყვარებული უამრავი გოგონა ისურვებდა ნიკეს ადგილზე ყოფნას. რას ფიქრობს თავად ნიკე, ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.
– ადვილად შეწყვილდით შენ და სტანისლავი?
– ძალიან კარგად და ადვილად შევწყვილდით, ის ყველაფერს ადვილად ითვისებს. ჩემთვის მასთან ცეკვა და ურთიერთობა ძალიან ადვილია, თან, ფიზიკურად ძლიერია და ვენდობი – ვიცი, ხელიდან არ გავუვარდები, დამიჭერს. თავიდანვე თავისუფლად ვიყავით ერთმანეთთან, და-ძმასავით ვართ. თვითონაც მითხრა, რომ დას ვაგონებ საუბრის მანერებით. ისეთი ამბავია სტანისლავზე ატეხილი, რომ ყველა ქალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას. ძალიან მეგობრული, მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანია, არასდროს არსად არ ვავიწყდები, სადმე რომ მიდის – ან გადაცემაში, ან ნებისმიერ ადგილას, არ ვავიწყდები, მე აუცილებლად უნდა მახსენოს და მიკითხოს.
– რა იყო თქვენთვის, ორივესთვის ყველაზე რთული?
– ყველაფრის ერთად გაკეთება ყველაზე რთულია მისთვის – ეს ყველას უჭირს. რომ ვეუბნები: ეს ასე გააკეთე-მეთქი, მეუბნება: მაცადე, ჯერ ეს დავიმახსოვროო. ნერვები ეშლება, გაივლის, წაიყვირებს, დაბრუნდება და ვაგრძელებთ. ზოგჯერ მკაცრი და მომთხოვნიც ვარ მის მიმართ, თუმცა, მე რომ ვეუბნები, არ მიჯერებს, ბიჭი რომ ეტყვის, იმაზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. გიგი გაჩეჩილაძე რომ ეუბნება, ასე გააკეთეო, მე ეს უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ იმას უჯერებს და მე – არა. გიგიც მეუბნება: კაცები ერთმანეთს უფრო ვუგებთ, ვიდრე თქვენო.
– სიურპრიზებსაც ხომ არ გიწყობს, საჩუქრებს ხომ არ გიკეთებს?
– როცა სადმე მიდის, იქიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარი ჩამოაქვს. წასვლისას მეკითხება კიდეც, რამე ხომ არ მჭირდება, თუნდაც ცეკვისთვის. მოსოკვში რომ იყო, იქაურმა თაყვანისმცემლებმა ჩემთან გამოატანეს საჩუქრები, რამაც ძალიან გამახარა.
წყარო: ჟურნალი თბილისელები“