მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისს შორს, აგრეთვე საქართველოში მოქმედ გაეროს გუნდს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოში გაეროს ოფისის საქმიანობაზე, მათ შორის, მოწყვლადი მოსახლეობის დახმარების, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით.
საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.