თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
„მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.
საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.
გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.