კატარმა ისრაელსა და დაჯგუფება “ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო ტექსტი გადასცა, რომელიც აგრეთვე 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი წყარო უყვება, შეთანხმების პროექტი მოლაპარაკებების შედეგად გვიან ღამე შეადგინეს. მოლაპარაკებებში კონფლიქტის მხარეების გარდა მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ბრეტ მაკგერკი და არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიკტოფი.
„მომდევნო 24 საათი შეთანხმების მიღწევისთვის იქნება გადამწყვეტი“, – ციტირებს Reuters-ი საკუთარ წყაროს.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ისრაელი და „ჰამასი“ ახლა შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. ანალოგიური რამ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მხარეებს შორის დღეს არის დაგეგმილი.