პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს.
განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო.
ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული.
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“.
კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი.
ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.