ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, თუ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის ლიეტუვას მიმართავს თხოვნით ჯარების განთავსების შესახებ, ოფიციალური ვილნიუსი ამ წინადადებას განიხილავს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ პარიზის სამიტის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა მაკრონმა ლიეტუვის პრეზიდენტი დაპატიჟა უკრაინაში სამხედრო მონაწილეობის გაფართოების სხვადასხვა საკითხებზე სამსჯელოდ, ლიეტუვამ ასეთი რამ არ გამორიცხა“, – აღნიშნა ბუდრისმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ლიეტუვა რეგიონში უსაფრთხოების კონტრიბუტორი იყო. მას ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეჰქონდა არამხოლოდ დიპლომატიური გზით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ფორმას მიიღებს ეს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მკაფიო და კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარე. ლიეტუვა არის რეგიონის უსაფრთხოების კონტრიბუტორი და არა მხოლოდ მიმღები. თუ დადგება საკითხი, მერ ეჭვიც არ მეპარება, რომ ლიეტუვის დროშა იქ [უკრაინაში] იქნება“, – თქვა ბუდრისმა.