წინ მინდა გავუსწრო „მორწმუნე ოპონენტების აღშფოთებას – მეუფეზე „ძვირის თქმა” როგორ შეიძლებოდა. არ ვიცი, მე მივყვები ჩემი ნათლიმამის, სქიმარქიმანდრიტ ვიტალის კურთხევას – „არასდროს განიკითხო ადამიანი, ვინაიდან ის უფლის ხატი და მსგავსებაა, მაგრამ შეგიძლია ამხილო მისი ცოდვილი ბუნება და ცოდვით გადაცდომა – ისევ და ისევ, მისი გადარჩენის მიზნით”, – ამ სიტყვებით ასრულებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის საქმიანობის ამსახველ პუბლიკაციას.
დავით ქართველიშვილი წერს იმ შემთხვევებზე, როცა მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის სახელმა მისი ყურადღება მიიქცია და ეს ძირითადად უკავშირდება მეუფის კავშირებს მიხეილ სააკაშვილთან.
„გაგიკვირდებათ”, მაგრამ უკანასკნელ 3 წელიწადში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის სახელი მესამედ მხვდება. დღეს – მეოთხე შემთხვევა იყო. ჩემი მეგობრის, გოგა ხაინდრავას ღია წერილი რომ წავიკითხე. მანამდე – სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებ პეტიციის ხელმოწერის დროს. შუალედებში კი სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე. აუდიტის მასალებში, საბიუჯეტო სახსრებით მოგზაურთა „შეხმატკბილებულ” კოლექტივში, სააკაშვილთან ერთად რატომ და რა მიზნით გვხვდება ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი – იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც მასზე დახარჯული სახსრების „ჩამოწერის” სქემა.
საფრანგეთში საბიუჯეტო სახსრებით მოგზაურობა გამიგია, თუ ამით ფოთის სულიერ ცხოვრებას გააჯანსაღებ, მაგრამ სხვა რამ არის ცოტა გაუგებარი – შენზე დახარჯული ფულადი სახსრების ჩამოწერის ფორმა. იმავე აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ, რომ თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში, მეუფე გრიგოლის შემთხვევაში, მითითებულია – „საბრძოლო მოქმედებებში დასახიჩრებული“, რაც გადახდის დანიშნულების რეალობასა და მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მე არ ვიცი, რა ბრძოლების გადატანა მოუწია მეუფეს თავის ეპარქიაში, არც 2008 წელს ბრძოლის ველიდან ჩვენი ბიჭების ცხედრების გამოყვანაში შეგვიმჩნევია იგი და მით უმეტეს, მისი დასახიჩრების შესახებ ხომ გვეცოდინებოდა. დღეს გოგა ხაინდრავამ მეუფეს მეცხრე მცნება შეახსენა, ცილისწამებაზე. ათიდან კიდევ ერთი, მერვე მცნება „არა იპარო”, როგორც ჩანს ახალი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.
ასეა თუ ისე, ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ფინანსური კვალიც გამოჩნდა და პოლიტიკური მადლიერების საბაბიც. ჩიტაძის ბოლოში ძვირადღირებული სახლის შეძენაც, „შემთხვევით” სააკაშვილის პერიოდს უკავშირდება. წინ მინდა გავუსწრო მორწმუნე ოპონენტების აღშფოთებას – მეუფეზე „ძვირის თქმა” როგორ შეიძლებოდა. არ ვიცი, მე მივყვები ჩემი ნათლიმამის, სქიმარქიმანდრიტ ვიტალის კურთხევას – „არასდროს განიკითხო ადამიანი, ვინაიდან ის უფლის ხატი და მსგავსებაა, მაგრამ შეგიძლია ამხილო მისი ცოდვილი ბუნება და ცოდვით გადაცდომა – ისევ და ისევ, მისი გადარჩენის მიზნით”, – წერს დავით ქართველიშვილი.