სადახლოსა და კარწახში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უკრაინის მოქალაქის, ა.მ -ს კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 2 ცალი ოქროს ზოდი და 1 ცალი ოქროს საყურე (საერთო წონა 204.22გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 20,985.81 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების (წონა 1908.3გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი კარწახში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სომხეთის მოქალაქის ს.ი-ს ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოვლინდა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.