დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ნამდვილად იყო ისტორიული მნიშვნელობის, ვინაიდან ის შეიცავდა აშშ-ის პოლიტიკის და მსოფლმხედველობის რადიკალური შემოტრიალების მონახაზს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს რადიკალური შემოტრიალება, ანუ შემოტრიალება 180 გრადუსით, დონალდ ტრამპმა გააჟღერა მთელ რიგ პუნქტებში. პირველ რიგში, რაც ეხება უკანონო მიგრაციის შეჩერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ეს ხალხთა დიდი გადასახლება, რაც ახლა ხდება, თავის დროზე ხდებოდა მე-5 საუკუნეში, რამაც შეცვალა ევროპის მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი. ეს პირდაპირ დასავლური სამყაროს იარებს ურტყამს. ამიტომ, ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის აღკვეთს ამ პროცესს, არის უმნიშვნელოვანესი. ანუ, მას სურს, ამერიკელი ერის იდენტურობა გადაარჩინოს“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
„იმ კორუმპირებულ სისტემას, რომელმაც ამერიკელ ხალხს, პრაქტიკულად, ძალაუფლება წაართვა, დემოკრატია დროებით დაასამარა და ბაიდენის მთავრობა აბსოლუტურად უუნარო გახადა, რომ ნებისმიერი კრიზისი გადაეწყვიტა. კორუმპირებულ სისტემაში, რასაც „დიფ სთეითს“ ვეძახით, ეს იგულისხმა. „დიფ სთეითზე“ ლაპარაკობს აშშ-ის პრეზიდენტი და ლაპარაკობენ მთელი რიგი ანალიტიკოსები. ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაგულში ლაპარაკობდნენ ტრანსნაციონალური მმართველობის ქსელზე უსერიოზულესი ადამიანები. ეს არის რეალური სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა. ეს არის ტრანსნაციონალური მმართველობის ძალიან მრავალმხრივი ქსელი, თავისი ულტრალიბერალური და გლობალისტური იდეოლოგიით. ამას მე კი არ ვამბობ, ფრაზებს ვიმეორებ“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ბათიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის მიერ ყურადღების გამახვილება ორი გენდერის დაკანონებაზე.
„ორი სქესი, ქალი და მამაკაცი, ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური მომენტი, რადგან ამ გლობალისტური ულტრალიბერალური იდეოლოგიის, რომელიც აქამდე იყო გაბატონებულ მდგომარეობაში, მათ შორის, აშშ-სა და ევროპაში, ამ მსოფლმხედველობის ალფასა და ომეგას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ არ არის ორი სქესი და უნდა ვილაპარაკოთ სხვა სქესებზე, სხვა გენდერებზე. აქ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია ბრძოლა ამ ლგბტ აგრესიულ იდეოლოგიასთან და დისკურსთან, რომელიც მუშაობს ყველგან, მთელ დასავლურ სამყაროში“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ამასთან, ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარი ცენზურისგან გათავისუფლებაზე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი თემაა.
„ის ამახვილებს ყურადღებას, გავათავისუფლოთ გამოხატვის თავისუფლება ყოველგვარი ცენზურისგანო. ეს პირდაპირ ამბობს, რომ აქამდე იყო ძალიან მაღალი წნეხის მქონე ცენზურა თვითონ ამერიკული მთავრობის მხრიდან და აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი ცენზურისგან. ეს ნეოულტრალიბერალური კასტა, ტრანსნაციონალური სისტემა გარკვეულწილად გვევლინება ბოლშევიკების მემკვიდრედ, ოღონდ უფრო პოსტმოდერნული ვარიანტია, ასე რომ ვთქვათ, ნეობოლშევიზმის. ეს ცენზურა მუშაობდა ძალიან მძაფრად და მძლავრად. ეს ცუკერბერგმაც აღნიშნა პირდაპირ, როგორ ერეოდნენ მის საქმიანობაში“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, მთლიანად მსოფლმხედველობის ცვლილება ხდება.
„ტრამპმა ხაზი გაუსვა, ჩვენთვის უმთავრესი იქნება ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენ უნდა ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო და ვიხელმძღვანელოთ სწორედ ჩვენს სუვერენიტეტზე დაფუძნებული ინტერესებით, არა რაღაც სხვა ინტერესებით, არამედ სწორედ სუვერენიტეტიდან გამომდინარე ინტერესებითო. დღეს უკვე რუბიომ პირდაპირ თქვა, ჩვენ ამოვდივართ და ყველგან და ყველაფერში ამოვალთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და, საერთოდ, ყველა ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს თავისი ეროვნული ინტერესებით“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ბათიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდ წინააღმდეგობასთან იქნება დაკავშირებული, რადგან ძველი სისტემა და ძველი კასტა, რასაც „დიფ სთეითს“ ეძახიან, პოზიციებს ასე ადვილად არ დათმობს, თუმცა დამაიმედებელია ტრამპის და მისი გუნდის მზაობა ცვლილებებისთვის და აშშ-ში მსოფლმხედველობის ამ დიდი შემოტრიალების პროცესის დაწყება თავისთავად არის სიგნალი მთელი დასავლური სამყაროსთვის.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ბრიუსელის პოლიტიკაზე, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში რა ცვლილებებიც მოხდა, როცა ბაიდენის გლობალისტურ-ულტრალიბერალური სისტემის ინტერესების გამომხატველმა ადმინისტრაციამ, მთელი თავისი იდეოლოგიით, პოზიციები უკვე დათმო, ანალოგიური პროცესი, სავსებით რეალური და ლოგიკურია, დაჩქარდეს ევროკავშირის ქვეყნებში.