რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენი დელეგაცია, მმართველი გუნდი ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგებოდა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და ყოველთვის ჩვენთვის ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, – ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის და საპარლამენტო ფრაქციებისთვის გაგზავნილ ოპოზიციური პარტიების წერილს, რომლითაც ითხოვენ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ოპოზიციამ იცის, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და მათ ეშინიათ, რომ მმართველ პარტია წარადგენს არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას.
„რაც მთავარია ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის უპრეცედენტო მობილიზაცია მათი. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე სამი თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ქართული დელეგაცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული.
„რთულია წინასწარ განვსაზღვროთ მოვლენების განვითარება როგორ წარიმართება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, რომ ქართული დელეგაცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულში აქტიური მონაწილეობა და საქართველოს დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილით ამ ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოს დელეგაციასთან ურთიერთობების გაგრძელება. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმა დიალოგისთვის, სხვადასხვა საკითხების განხილვისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანობაზე დაფუძნებული და იმ პრინციპებზე ორიენტირებული დიალოგი და განხილვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ როდესაც ჩვენ კონკრეტული არგუმენტებით წარვდგებით დღეს დებატების დროს ევროპელი კოლეგების წინაშე, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ეს იქნას შესაბამისად მიღებული და კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.