ბოლო პერიოდში ვხედავთ გამწვავებას რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური „ენჯეოების“ მხრიდან, რომლის დაფინანსების წყარო მიდის აშშ-ს ბიუჯეტამდე და ჩვენ ჯერჯერობით ამ პოლიტიკის ასახვას ადგილზე ვერ ვხედავთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებულ პოლიტიკას ეხებოდა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები საქართველოზეც აისახება.
„იმედი გვაქვს, რომ დავინახავთ ამ სიგნალებს როგორც დონორების, ასევე აშშ-ს საელჩოს თუ ამერიკის სხვა წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში. რაც შეეხება თავად პოლიტიკას, რომელიც წარმოებს გვიხარია, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის პოლიტიკა და მიდგომები, რომელიც გვქონდა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთი ერთში არის ასახული პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაში. მათ შორის მის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომელმაც საფუძველი ჩაუდო გადახედვას საერთაშორისო დახმარების, იქ პირდაპირ საფუძვლად არის მოტანილი, რომ აშშ- ს ბიუჯეტის დაფინანსებით ხდებოდა სხვა ქვეყნებში უცხო იდეოლოგიების თავსმოხვევა დესტაბილიზაციის შეტანა, ჰარმონიულ განვითარებაში ხელის შეშლა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი. ამაზე ჰქონდათ მწვავე რეაქცია სხვადასხვა წარმომადგენლებს. ასე, რომ ჩვენ კვლავ მოლოდინში ვართ. კარგია სიტყვა, რომელიც ჩვენ გავიგეთ, ახლა გვაინტერესებს საქმე, როგორ განხორციელდება საქართველოში. ჯერჯერობით ვხედავთ უფრო გამწვავებას იმ ტაქტიკებისა, რომელიც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე „ენჯეოებს“ ხელისუფლების წინააღმდეგ არადემოკრატიული ქცევისა. ვნახოთ, ტაქტიკებს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ „დიდ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.