საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა უკრაინაში, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ფრანსის მალიჟემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მეორეა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბანკის საქმიანობა საქართველოში და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-სტრატეგიით, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა გათვალისწინებული.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის მმართველ დირექტორს დეტალურად გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რამდენიმე მათგანზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩარჩო კანონის მომზადებაზე, აგრეთვე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, საქართველოს მეწარმეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად განხორციელებულ ღონისძიებებზე.
“ჩვენ ძალიან კონსტრუქციული, პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ სამომავლოდ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული გახდება“, – განაცხადა ფრანსის მალიჟემ.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, EBRD-ი რამდენიმე ათეული მილიონის ლარში დენომინირებულ ახალ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ინსტრუმენტის ფარგლებში, საქართველოს კომერციული ბანკების მეშვეობით დააკრედიტოს საექსპორტო პროდუქციის წარმოება. ამავე დროს, განავითაროს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაციაზე, რომელიც მაისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმზე კვიპროსში გაიმართება.