გილოცავთ წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების 900 წლის იუბილეს, ძლევამოსილი მეფე დავითის ძალა ჰფარავდეს სრულიად საქართველოს – ასე მიულოცა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოსახლეობას დავითობა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება და აკადემიამ დაარსებიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.
2003 წლის 20 თებერვალს ეროვნული თავდაცვის აკადემიას წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის მმართველმა რგოლმა პატივი მიაგო წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მისი ძეგლი.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ პარაკლისი აღავლინა. მსახურებას დაესწრო აკადემიის მმართველი რგოლი და პირადი შემადგენლობა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფემ დალოცა ღვთისმსახურებაზე დამსწრე პირადი შემადგენლობა და აკურთხა აკადემიის ბაზა.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა სპექტაკლი „დავით აღმაშენებელი“ წარმოადგინეს, რომელშიც იმ ეპოქის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები გააცოცხლეს.