არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
მუხათგვერდიდან სამხედრო მოსამსახურეებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
შვიდი წლის წინ, 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.