ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს იმ პრობლემების და გამოწვევების დაძლევა, რომელიც ჩვენი რეგიონის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ.
მისივე თქმით, ყველა ჩართულია, ყველა მობილიზებულია იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული.
„როგორც მოგეხსენებათ დიდთოვლობამ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა გურიის რეგიონში, თუმცა სტიქიის პირველივე დღიდან მოქმედებს რეგიონში სპეციალური შტაბი და აქტიურ კომუნიკაციაზე ვიმყოფებით მაქსიმალურად ჩვენს მოქალაქეებთან. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს იმ პრობლემების და გამოწვევების დაძლევა, რომელიც ჩვენი რეგიონის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას.
როგორც მოგეხსენებათ, ორი დღეა ჩვენს რეგიონში იმყოფებიან ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები. აქ ბრძანდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, ვიცე პრემიერები, მინისტრები. ყველა ჩართულია, ყველა მობილიზებულია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
მისივე თქმით, სამივე მუნიციპალიტეტშია ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით გადაადგილება შეფერხებულია.
„თქვენ იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციაში, სტიქიასთან ბრძოლაში უკვე ჩაერთო საქართველოს თავდაცვის ძალები და სამაშველო სამსახურთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ისეთ ადგილებში, სადაც ვერ ხერხდება ტრანსპორტით გადაადგილება, სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით ახდენენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას და იდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, რომლებიც დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. იქნება ეს მედიკამენტი, იქნება ეს საკვები თუ ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა მოქალაქესთან ვამყარებთ კომუნიკაციას და ვისაც ამის საჭიროება აქვს ვეხმარებით შესაბამისი მედიკამენტით თუ საკვები პროდუქტებით“, – განაცხადა მან.