შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“უახლესი ინფორმაცია რუსთავი 2-ის საკითხზე.
რუსთავი 2-მა 31 მაისის 9 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი “აუდი”-ს მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.
მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო Rustavi 2-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.
ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.
ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მოახდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში”-წერს თალაკვაძე.