ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ფორმა „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს პანდემიის დროს შემოღებულ რეგულაციებს აგონებს – ინფიცირებულთან დისტანციის დაჭერა და დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო ისევე იცავს დისტანციას, როგორც ამას აკეთებდა კოვიდით დაინფიცირებულთან ურთიერთობისას.
დავით ქართველიშვილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ჯანსაღი ხელისუფლების ვალია ავადმყოფებთან დროებითი დისტანცირება მოახდინოს მის სრულ გამოჯანმრთელებამდე.
„სადაც კენედის მკვლელობის ამსახველი არქივები გახსნეს – „პანდემიის“ სპეცოპერაციასაც აეხდება ფარდა ადრე თუ გვიან. მანამდე კი გავიხსენოთ, რას გვასწავლიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და რის გამო გვსჯიდა: კოვიდით დაინფიცირებულთან ორმეტრიანი დისტანცია დაიკავეთო, აუცილებლად ატარეთ პირბადე, ხელები ჰიგიენური მადეზინფიცირებელი ხსნარით დაამუშავეთ და ა.შ.
ზუსტად ასე, ზედმიწევნით, იქცევა ქართული სახელმწიფო მძიმე „კოვიდით“ დაავადებულ ევროკავშირთან: ვიცავთ დისტანციას, 28 ნოემბრიდან უსაფრთხო საკარანტინო რეჟიმი გამოვაცხადეთ და დაინფიცირებულებთან ახლო კონტაქტებზე უარი ვთქვით მათ სრულ გამოჯანმრთელებამდე. ერთადერთი, რაც რეალური „პანდემიით“ დაგროვებული გამოცდილებით მივამატეთ – უარს ვაცხადებთ მათ მიერვე გამოგონილ ვაქცინაციაზე.
რა არის ამაში ალოგიკური ან გაუგებარი, ვერ ვხვდებით. დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლების ვალია – ავადმყოფებთან დროებითი დისტანცირება მოახდინოს. საბოლოო გამოსავალი ორიდან ერთ-ერთია: დაინფიცირებული ან გარდაიცვლება ან გამოჯანმრთელდება. უსაფრთხო კარანტინის პირობებში მყოფებს ამ ვარიანტებიდან არც ერთის არ გვეშინია – „ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“, – წერს დავით ქართველიშვილი.