ვიცოდით, რომ ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, ბევრი რამ არასწორად იყო დაგეგმილი, მაგრამ რაც ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინეთ, უბრალოდ შოკისმომგვრელია, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ეს კომისიაც ამას ემსახურება, რომ გაანალიზებული იყოს წარსულის შეცდომები და დანაშაულები, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს.
„მართლა ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე არაკომპეტენტურად, უვიცად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად სვამენ კითხვას – რატომ? იმიტომ რომ, მომავალში აღარ გავიმეორეთ ასეთი დანაშაულებრივი შეცდომები, ეს არის მთავარი“, – აღნიშნა სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საქმიანობას განაგრძობს, ამ ეტაპზე კომისიის წევრები იკვლევენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აგვისტოს ომის მიმდინარეობას. დღეს კომისიის წინაშე მამუკა ყურაშვილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ვოლსკი წარდგებიან.