ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 300-ზე მეტ ადამიანს სტუდენტური ვიზა გაუუქმა, რადგან ისინი პალესტინის მხარდამჭერ აქტივიზმში იყვნენ ჩართულნი, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს.
„ამ ეტაპზე, შესაძლოა, გაუქმებული იყოს 300-ზე მეტი სტუდენტური ვიზა. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი გიჟის აღმოჩენისთანავე. სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს. თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ მას გავაუქმებთ“, – აღნიშნა რუბიომ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თებერვალში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმში იქნებიან ჩართულნი, ამერიკული ვიზა გაუუქმდებათ.