ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ჭეშმარიტ დაპირება III“-ს განახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამხედრო მრჩევლის, გენერალ-მაიორ იაჰია რაჰიმ საფავის განცხადებით, ის, რომ სამხედრო ოპერაცია ჯერ არ განხორციელებულა, ამის უკან სიბრძნე დგას და ეს არ ნიშნავს, რომ ოპერაცია გაუქმდა.
სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ოპერაცია განხორციელდება თავის დროზე აიათოლა ხამენეის შეხედულებისამებრ და ლიდერის წინდახედულობის საფუძველზე. მანამდე ირანის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაღერიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიმუშავა ყველა თავდაცვითი განზომილება, რომელიც საჭიროა სამხედრო შესაძლებლობების შესაქმნელად და ის ათჯერ ძლიერია, ვიდრე ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება II“-ის დროს იყო.
გასულ წელს „ჭეშმარიტი დაპირება I“-ისა და „ჭეშმარიტი დაპირება II“-ის ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით ასეულობით რაკეტა და უპილოტო აპარატი გაუშვა.