დანიის თავდაცვის მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი აკრიტიკებს აშშ-ის ხელისუფლების განცხადებების ტონს გრენლანდიასთან დაკავშირებით და ვაშინგტონს არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, გრენლანდია ნატო-ს წევრია და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები მასზეც ვრცელდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ კრიტიკისთვის, თუმცა ნება მიბოძეთ, ვიყო გულწრფელი – ჩვენ არ მოგვწონს ტონი, რომლითაც ის მოგვეწოდება. ახლო მოკავშირეებს ასე არ ესაუბრებიან. მე კი ჯერ კიდევ მივიჩნევ, რომ დანია და აშშ ახლო მოკავშირეები არიან“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
რასმუსენის თქმით, დანია აფასებს, რომ აშშ-ს სჭირდება გრენლანდიაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება, როგორც ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„ჩვენ, დანია და გრენლანდია, ღია ვართ, რომ განვიხილოთ ეს თქვენთან. ღია გონებით. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 1951 წლის თავდაცვითი შეთანხმება. ის სთავაზობს ფართო შესაძლებლობებს შეერთებული შტატებს, რათა ჰქონდეს ბევრად ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა გრენლანდიაში. თუ ეს არის ის, რაც გსურთ, მაშინ მოდით, განვიხილოთ ეს. 1945 წელს აშშ-ს გრენლანდიაში ჰქონდა 17 ბაზა და სამხედრო ნაგებობა ათასობით ჯარისკაცით. დღეს მხოლოდ ერთი სამხედრო ბაზა დარჩა, ის, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მოინახულა რამდენიმე საათის წინ, და 200-მდე სამხედრო. ჩვენ შეგვიძლია, ბევრად მეტი გააკეთოთ იმ ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც დღეს გვაქვს. მოდით, გამოვიყენოთ ეს და გავაკეთოთ ეს ერთად. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დანიამ ძალიან ცოტა გააკეთა არქტიკაში. მანამდე ის ამბობდა ასევე, რომ შეერთებულმა შტატებმა ძალიან ცოტა გააკეთა. ფაქტი კი ისაა, რომ ჩვენ, ყველა ვიმკიდით მშვიდობის დივიდენდებს. ჩვენ, ყველა ვმოქმედებდით იმ თვალსაზრისით, რომ არქტიკა იქნებოდა მცირე დაძაბულობის რეგიონი. თუმცა ეს დრო დასრულდა, სტატუსკვო ვარიანტი არ არის“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომ რამდენიმე კვირის წინ დანიამ მიიღო გადაწყვეტილება არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებაში მასშტაბური ინვესტიციების შესახებ.
„მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ გრენლანდია არის ნატო-ს ნაწილი. ნატოს უსაფრთხოების გარანტიები ფარავს გრენლანდიასაც“, – აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, გრენლანდიაში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დანიას გრენლანდიის ხალხისთვის კარგი სამუშაო არ გაუკეთებია.