ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, გრიგოლ მიქავა ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ.
ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ლ.ხ.-ს ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
