აშშ-ის კონგრესის „დემოკრატიული“ პარტიის წევრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართავენ მოთხოვნით, რათა მან ილონ მასკი ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 30 მაისამდე გაათავისუფლოს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
ტრამპის ოპონენტების თქმით, ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური სახელმწიფო მოხელეები, რომელთა რიგებს განეკუთვნება მასკიც, თანამდებობას არაუმეტეს 130 დღისა უნდა იკავებდნენ.
„ჩვენ თქვენი ადმინისტრაციისგან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ საჯარო განცხადებას, სადაც მკაფიოდ იქნება ნათქვამი, რომ მასკი თანამდებობას დატოვებს და უფლებამოსილებას დაემშვიდობება ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს – 30 მაისამდე“, – ნათქვამია წერილში, რომელიც 77-მა კონგრესმენმა „დემოკრატიული“ პარტიიდან ტრამპს გაუგზავნა.
წერილის ავტორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ისინი მასკს ტრამპის ადმინისტრაციაში დაბრუნების უფლებას არ მისცემენ, თუ ის საკუთარ კომპანიებს, მათ შორის „ტესლას“ და SpaceX-ს არ დაემშვიდობება.
როგორც „დემოკრატმა“ კონგრესმენმა გრეგ კაზარმა განაცხადა, რომელიც წერილის ინიციატორია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
„ჩვენ მკაფიოდ ვაგებინებთ, რომ „რესპუბლიკელებზე“ საზოგადოებრივი წნეხი 30 მაისამდე მხოლოდ გაძლიერდება“, – ციტირებს გამოცემა მას.