2007 წელს, პრაქტიკულად შარაძის მკვლელობით დაიწყო ღიად მორალური შეტევა მედიაზე, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამთენიისას გამოგვყარეს ჟურნალისტები,- განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.
მისი თქმით, მიზანი იყო ის, რომ „რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“.
„ეს იყო მიზანმიმართული, რომ „ასავალ-დასავალი“ გაეჩუმებინათ იმიტომ, რომ სწორედ „ასავალ-დასავალი“ იყო ერთადერთი გაზეთი, რომელიც ღიად, დაუფარავად წერდა იმ ჯალათობებზე, იმ სადიზმზე, რასაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, შაშკინის, უგულავას, ახალაიას რეჟიმი ახორციელებდა. კულტურის მინისტრი, გოკა გაბაშვილი შიმშილით კლავდა გოდერძი ჩოხელს. აბსოლუტურად ყველა თემას ვეხებოდით. მე ვწერდი უშუალოდ. ჟვანიას მკვლელობას „ასავალ-დასავალი“ იძიებდა. ეს იყო სწორედ მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სააკაშვილის ხუშტურებს, რეჟიმს და ღიად ვწერდით, რომ „ეს არის ფიურერი, ეს არის ჯალათი“. ვინმემ დაგვიჭირა მხარი „სამშობლოდან“ რომ გამოგვაგდეს? კაცი შვილს ხმა არ ამოუღია. გიგი უგულავას ბრძანებით, ირაკლი მაქაცარიას ბრძანებით შემოვარდნენ გამთენიის 5 საათზე „სამშობლოში“ და პირადად მე კონდახების რტყმევით მაგორავეს კიბეებზე. მიზეზი იყო ერთადერთი- რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, გაეჩერებინათ, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“-განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.