დავალებას მიიღებს ოპოზიცია კოლექტიურად, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. წინა არჩევნებს თუ გადავხედავთ, საერთოდ არც უმუშავიათ, ველზეც არ იყვნენ გასულები. გარედან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია. სავარაუდოდ წელსაც ასე იქნება, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ რადიკალური ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართელობის არჩევნებში.
„დაპირისპირება არის არა მხოლოდ ამ ოთხ პარტიას შორის, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვგულისხმობ, არამედ უშუალოდ პარტიის წევრებს შორისაც. დავალებას მიიღებს რადიკალური ოპოზიცია კოლექტიურად, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. ახლა ჩვენ წინასწარ არ ვიცით, როგორი დავალება იქნება, დაშლიან უფრო მეტ პარტიად, რომ მეტი ხელოვნური ბუნდოვანება შემოიტანონ საზოგადოებაში მოტყუების მიზნით თუ ეტყვიან, რომ ერთ პარტიად გაერთიანდითო თუ ა.შ. ამას უნდა დაველოდოთ. წინა არჩევნებს თუ გადავხედავთ, საერთოდ არც უმუშავიათ, ველზეც არ იყვნენ გასულები. გარედან ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია. სავარაუდოდ წელსაც ასე იქნება. თუმცა ეს ყველაფერი მათთვის კონტრპროდუქტიულია და შესაბამისად მაგიტომ არის, რომ ასეთი დიდი ანგარიშით ვიგებთ ჩვენ ყველა არჩევნებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამია მელიას პარტია ირწმუნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამასვე მოუწოდებენ მათ დანაყოფებს. საკითხზე „ლელოს“ პოზიცია ბუნდოვანია. გახარია კი არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.