რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯე სიმიონი არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.
სიმიონმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება იმავე საფუძვლებით, რითაც გაუქმდა შარშან, დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.
„ჩვენ არ ვართ დამარცხებულები, არ ვნებდებით, არავის დავუმარცხებივართ. რუმინელმა ხალხმა გამოიღვიძა და აღარ დაიძინებს. იმ ხუთი მილიონი რუმინელის პატივისცემის გამო, რომელთაც ჩვენ მოგვცეს ხმა, მინდა გამოვაცხადო, რომ არ დავტოვებთ ყველაფერს ისე, როგორც მათ სურთ. ჩვენ გავასაჩივრებთ ნიკუშორ დანის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოში იმავე მიზეზებით, რომელთა გამოც მათ გააუქმეს დეკემბრის არჩევნები“, – განაცხადა სიმიონმა.
მან ასევე ისაუბრა „საარჩევნო ტურიზმზე“ მოლდოვაში და „სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ რესურსზე“, სიმიონის მტკიცებით, „ჩარევა ხდებოდა არა მხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკის მხრიდან, არამედ საფრანგეთის მხრიდანაც“.
„Telegram-ის შემქმნელის ჩვენებები, რომლებშიც ის ამბობს, რომ საფრანგეთის მთავრობა ჩაერია, რათა ჩვენი ხმების ცენზურა მოეხდინა, თვალსაჩინოა. მე მოვითხოვ მის ჩვენებებს, ვიდრე არჩევნები ჩატარებულად იქნება აღიარებული“, – აღნიშნა სიმიონმა.
სიმიონმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებში ან ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაში.
მანამდე სიმიონმა აღიარა არჩევნებში დამარცხება და თავის მეტოქეს, ბუქარესტის მერს, ნიკუშორ დანს მიულოცა გამარჯვება. როგორც მან განმარტა, ეს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გააკეთა.
„ის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილეთ სისხლისღვრა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ სულელებად უნდა გვთვლიდნენ. ჩვენი მოთხოვნა თუ უარყოფილი იქნება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ამ საზიზღარმა სისტემამ განახორციელა გადატრიალება რუმინელი ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა სიმიონმა.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნიკუშორ დანმა მოიპოვა, რომელმაც ხმების 53,60% ხმა მიიღო.