ეს არის მდაბიო პროვოკაცია, გახსოვთ, პუტინს რომ აგინებდნენ პირდაპირ ეთერში? მთავარია, მიზანი რა არის. შენ რომ გულწრფელ ემოციას გამოხატავდე, მესმის, მაგრამ, რეალურად ეს ემსახურება პროვოკაციას. სხვა ვერაფერი მოახერხეთ “ნაცურმა” ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო,ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის კითხვას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
მდინარაძის განცხადებით, თავად კითხვის ავტორმაც კარგად იცის, რომ საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან ასეთ საკითხებზე არ თანამშრომლობს, თავად შეკითხვა კი ამაზრზენ პროვოკაციად შეაფასა.
მისივე თქმით, ერეკლე გეწაძე საქართველოში ისედაც დაცულია სახელმწიფოსა და საქართველოს კანონმდებლობის მიერ.
“ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან – ეს თქვენც ძალიან კარგად იცით და ვინც დაგაბარათ, იმასაც გადაეცით, რომ ესეც პროვოკაციული და ამაზრზენი კითხვაა. “რუსეთთან არ ითანამშრომლებთ გამოძიებაზე” – ამაზრზენი კითხვაა და ვინც ეს კითხვა მოიფიქრა, არის ამაზრზენი პროვოკატორი.
საქართველოს მოქალაქეს რა დაცვა უნდა საქართველოში? რუსული გამოძიება ვერ მისწვდება, ამიტომ, ისედაც დაცულია, საქართველოს კანონმდებლობა და თავისი სახელმწიფო იცავს, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რაც გააკეთა, ესეც ამაზრზენი პროვოკაციაა, კითხვა რომ ვიღაცამ მოიფიქრა და თქვენ დაგაბარათ, ისიც ამაზრზენი პროვოკაციაა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.