ვიცნობ ბევრ ოპოზიციონერს და პირად საუბრებში თუ ზოგადად, მოტივირებულნი არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ალბათ ჯერ კიდევ ვერ მიიღეს გარე დამკვეთებისგან დირექტივები, ამიტომ ორჭოფობენ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში” ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.
მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის სიცოცხლის და ქმედითუნარიანობის განმსაზღვრელი არის არჩევნებში მონაწილეობა.
„მათ უნდა მიიღონ ლეგიტიმაცია ხალხისგან და ეს არის უპირველესად იმის მომასწავებელი, რომ ისინი კი არიან დაღმასვლის პროცესში, მაგრამ საერთოდ თვითლიკვიდაციის პროცესში არ გადავიდნენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ და ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ პირიქით, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ეს ძალიან კარგი იქნება „ქართული ოცნებისთვის”, ვინაიდან ის ლუსტრირება, ნიჰილიზმი, რისკენაც თვითონ ოპოზიციური სპექტრი განაწყობს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს იმას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ალბათობით დამარცხდებიან.
ალბათ ოპოზიციამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო გარე დამკვეთებისგან დირექტივები, ამიტომ ორჭოფობენ. ძალიან კარგად ვიცნობ ბევრ ოპოზიციონერს და პირად საუბრებში თუ ზოგადად, მოტივირებულნი არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მათი მთავარი პრობლემა რა არის, რომ თვითონ შიგნით არ აქვთ კონსენსუსი და არ იციან რა უნდათ. ვინმემ სალომე ზურაბიშვილის მოსმენის მერე რამე აზრი გამოიტანა, ამ ქალბატონს რა უნდა? ოპოზიციური ჯგუფები ხვალ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, სად მივყავართ, რა გეგმა აქვთ, რა საგარეო კურსი აქვთ? ერთადერთი რამ, რაც მე დავინახე, არის რევანშის წყურვილი, რასაც ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და ვერ მოხდება“, – განაცხადა ქაჯაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ გახარიას პარტია, ასევე, „ლელო“ ემზადებიან არჩევნებში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით რადიკალური პარტიები კი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა” და გვარამიას პარტია ორჭოფობენ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა, მისი ქაჯაიას თქმით, ისინიც გარე დამკვეთების მხრიდან დირექტივებს ელოდებიან