აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პოსტს მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გამოეხმაურა და მას უგუნური უწოდა.
„მესამე მსოფლიო ომის შესახებ შიშის გაღვივება – დიმიტრი მედვედევის მიერ წარუმატებელი და უგუნური კომენტარია. ეს მსოფლიო ზესახელმწიფოს არ შეშვენის. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს იმაზე, რომ შეაჩეროს ეს ომი და დაასრულოს მკვლელობები“, – დაწერა კელოგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ელის რუსეთის მიერ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ შედგენილი მემორანდუმის ტექსტს. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსულ მხარეს შეწყვიტოს ცეცხლი.
ცნობისთვის, მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკის გამო მესამე მსოფლიო ომით დაემუქრა.