ამერიკელი კანონმდებლები „რესპუბლიკური“ პარტიიდან ევროკომისიას პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რაფალ ტშასკოვსკის სასარგებლოდ ჩარევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა და სხვა კონგრესმენებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერეს სადაც აღნიშნულია, რომ ისინი „ღრმად შეშფოთებულნი არიან პოლონეთში განვითარებული მოვლენების გამო, რამაც, შესაძლოა, დემოკრატიული პროცესების მთლიანობა დაარღვიოს“, წერს Politico.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კვირას პოლონელები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ვარშავის ლიბერალი მერი, რაფალ ტშასკოვსკი და მემარჯვენე კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდებიან. ტშასკოვსკის მხარს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ უჭერს მხარს, ხოლო ნავროცკი პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წარმომადგენელია.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ორივე კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვს.
Politico-ს მტკიცებით, მასტის წერილი ნათლად აჩვენებს, რომ „რესპუბლიკელები“ ევროპაში მემარჯვენე პოპულისტებს უჭერენ მხარს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი გერმანიის ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს ლიდერს შეხვდა და რუმინელი მოსამართლეები გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მათ რუსეთს ჩარევის საბაბით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს.
ცოტა ხნის წინ ნავროცკი დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ესტუმრა და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას უთხრა: „შენ გაიმარჯვებ“.
მასტმა ევროკომისია ორმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა, რამაც, შესაძლოა, ხმები ტშასკოვსკის სასარგებლოდ გადაწონოს. როგორც ამერიკელი კონგრესმენი საკუთარ წერილში აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, რომელიც 15 მაისს გაიმართა, ტშასკოვსკის პოლიტიკურ სარეკლამო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებდა, რომელიც აშშ-ის „დემოკრატიულ“ პარტიასთან არის კავშირში.