გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვადასხვა მთავრობის დაფინანსებული ადამიანები როგორც სიტყვიერად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს, ისე ფიზიკურადაც ძალადობენ მოქალაქეებზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„9 აპრილს ვნახეთ, როდესაც დონორებისა და ელჩების თვალწინ მათივე დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს ძალადობის აქტი 9 აპრილის მემორიალთან. ამაზე არა თუ რეაგირება არ ჰქონიათ, ერთი სიტყითაც არ დაგმეს, რომ ამ ყველაფერს ემიჯნებიან. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთო სტანდარტით ყველას მიმართ, უცხოეთიდან კი ვხედავთ კატეგორიზაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მოითხოვს, დაისაჯოს ის პირი, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ფიშერის აღნიშნულ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა: „გერმანიის ელჩი მოქალაქემ შეაწუხა, რაზეც შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, რომ თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული, დეპუტატებს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, ეს რატომ არ არის დანაშაული?“
როგორც ცნობილია, ამავდროულად, პეტერ ფიშერი ითხოვს არ დაისაჯოს მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმისთვის არის დაკავებული.