მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე არ იყო ბატონი ტრამპის წერილში საუბარი, ორმხრივ თანამშრომლობაზე იყო ზოგადად საუბარი. ორმხრივი თანამშრომლობა კი მარტო ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას არ გულისხმობს. ეკონომიკაზე ბევრი რამე არის მიბმული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
„შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ეს არის – ეკონომიკური თვალსაზრისით შეერთებული შტატების კიდევ უფრო გაძლიერება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საუბარია პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენ არაერთი საერთო ინტერესი გვაქვს და დღეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აგებულია სწორედ ამ საერთო ინტერესებზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც საჯაროდ აცხადებს შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და სრული თანხვედრა გვაქვს ამ ღირებულებებში. ეს იქნება ღირებულებითი ნაწილი, ასევე ხშირ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკური საკითხები და ასე შემდგომ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების დალაგებას ალტერნატივა არ აქვს. აუცილებლად უნდა მოხდეს დღეს არსებული მდგომარეობის გადახედვა და ყველა ლოგიკის გათვალისწინებით, ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს და დღეს არსებული არასასურველი ვითარება უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა კახიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წერილებს შორის სხვაობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტზე „დიფ სთეითს“ ჯერ კიდევ აქვს გავლენა.
„ლოგიკა რა შეიძლება, იყოს? როდესაც ერთ დღეს იღებ წერილს, რომელიც განსხვავებული ქვეტექსტების მატარებელია და შემდგომ უკვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილს, რომელიც ფაქტობრივად, დღეს არსებული ხელისუფლების სრულ ლეგიტიმაციაზე მიანიშნებს. წინა წერილში კი მილოცვა იყო მხოლოდ მოსახლეობასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტზე დღესაც ვრცელდება ის გავლენა, რომელიც „დიფ სთეითის“ მხრიდან მოდის. სხვა რა ახსნა შეიძლება, ამასთან დაკავშირებით იყოს? არაერთხელ ითქვა, რომ შეერთებულ შტატებში თუ დამარცხდება „დიფ სთეითი“, ურთიერთობები ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის ძალიან მარტივად მოგვარდება და გაღრმავდება კიდეც”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.