ცოტა გასაკვირია, რომ აშშ-ის საელჩო, რომელიც პრეზიდენტს უნდა წარმოადგენს, პრეზიდენტის წერილს არ დებს საკუთარ გვერდზე და ალბათ, ამასაც განმარტება სჭირდება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილ წერილზე საუბრისას.
მისივე თქმით, დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ და მნიშვნელოვანი შინაარსი და გზავნილები, რომელიც ამ მილოცვაში იყო.
„ორ მთავარ საკითხს უსვამს ხაზს – ერთი რომ აღიარება და ხაზგასმა იმის, რომ საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა და მეორე, ხაზგასმა იმის, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას აქვს მნიშვნელობა.
სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ – თავის დროზე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობდა, ის ხორცშესხმული არ იყო. სტრატეგიული პარტნიორობისგან, ისევე როგორც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას ღიად აცხადებს ყველა ქვეყნის მიმართ, მოველოდით იმას, რომ ეს ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის, ხელსაყრელი სატარიფო პირობების შეთანხმებას. ზუსტად იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, პრეზიდენტი ტრამპს აქვს გამოცხადებული თავის მთავარ საგარეო-ეკონომიკურ ამოცანებად.
ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა ტრამპის მილოცვა, ამ წერილიდან მეორე დღეს, დადეს რაღაც გაუგებარი პოსტი, რომელიც ეძღვნება პარტია „ქართულ ოცნებას“ და რაღაცნაირად ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილები.
ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რომ დღემდე საელჩო არ ასაჯაროებს წერილს და ეს მისი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივნის კონგრესში გამოსვლის ქართული ტრანსკრიპტი შემოგვთავაზეს და გაავრცელეს. ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო, რომელიც პრეზიდენტს უნდა წარმოადგენს, პრეზიდენტის წერილს არ დებს საკუთარ გვერდზე და ალბათ, ამასაც განმარტება სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.