თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვა საკუთარი მოქალაქეებისადმი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, არის მავნებლობა, რომელიც მიმართულია გარკვეული ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ტურისტული მიმართულება საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოსვლა, თუ მას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს.
„ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წლიდან წლამდე ყოველთვის იზრდება ტურისტების რაოდენობა და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქალაქის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
„შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეფარდებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არშემოშვებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიღაცის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ უცხოელს, შეუძლია საქართველოში შემოვიდეს და გაატაროს გარკვეული დრო ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, თუ ის ბოროტი ზრახვებით არ არის გამსჭვალული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.