აჭარის მთავრობის სხდომაზე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები და აჭარაში ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები განიხილეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ტურისტული სეზონის სამზადისის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და შესაბამის უწყებებს მითითება მისცა, რეგიონი სტუმრებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. დარჩენილი სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში გრძელდება და სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
აჭარის მთავრობის წევრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის ზრდის დინამიკაზე. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიაა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სრულად იყოს ათვისებული მაღალმთიანი აჭარის პოტენციალი, რაც ყველა მუნიციპალიტეტში კეთილდღეობისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს.
მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ რეგიონში პოზიტიური მოლოდინებია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. არსებული პროგნოზით, 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა დაფიქსირდება. ასევე, საქართველოს მთავრობასა და „ემაარ ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მსხვილი ინვესტიცია, რომელიც მათ შორის გონიოში მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, ახალ დინამიკას შესძენს რეგიონის დეველოპერულ სექტორს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.
სულხან თამაზაშვილმა ასევე წარმატებები უსურვა ბათუმისა და ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლებს, გიორგი მურვანიძეს და ირაკლი ცეცხლაძეს, რომლებიც აჭარის მთავრობის სხდომას პირველად დაესწრნენ.