ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლიონიდან ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ 86 მგზავრით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.
საქართველოს აეროპორტთა გაერთიანების ინფორმაციით, საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადღესასწაულო გარემო დახვდათ.
აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს საჩუქრები დაურიგდათ.
ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით უკავშირდება. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
ამ ეტაპზე, „ვიზ ეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.