პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციისა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციაში, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა.
„რადიკალური ოპოზიციის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეიცვალა მაშინვე, როგორც კი ბრძანება მოვიდა ევროპარლამენტიდან, სადაც თქვეს, რომ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
მე რაც ვიცი, განსაკუთრებით ნაცებშია ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ჩხუბი, რადგან ზოგს უნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. რაღაც ნაწილი ამის წინააღმდეგი რჩება, თუმცა, საბოლოოდ, რომელი მხარე გადასძალავს, არ ვიცით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.