პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილები დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.
აქციის მონაწილეები დონალდ ტუსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
„მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა, ჯიბის კაცმა დონალდ ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, სახელმწიფოსაც, ქვეყანასაც თავისი შანტაჟის ენით საუბრის გამო, მუქარის ენით ლაპარაკის გამო. ქართველი და პოლონელი ხალხი ვმეგობრობთ კარგა ხანია. უბრალოდ მათი ამჟამინდელი მთავრობა არ გამოხატავს პოლონელი ხალხის ნებას და მოვედით მაგის გასაპროტესტებლად, რომ უნდა გამოვიდეს ბატონი და ამ დაუმსახურებელი შანტაჟისა და მუქარის ენის გამო ქართველ ხალხს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.