ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 14 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, 2020 წელს დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკი. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ლუკაშენკოს მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში. პოლიტპატიმართა და მათ შორის, ტიხანოვსკის გათავისუფლების გადაწყვეტილება, Euronews-ის ცნობით, ლუკაშენკომ სწორედ კელოგთან შეხვედრის შედეგად მიიღო.
სერგეი ტიხანოვსკი ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოუსკაიას მეუღლეა. ტიხანოვსკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე იყო, რის გამოც რეჟიმმა იგი დააპატიმრა.
ტიხანოვსკის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში წერს სვეტლანა ტიხანოუსკაიაც:
“ჩემი ქმარი, სერგეი თავისუფალია! რთულია, აღვწერო ბედნიერება ჩემს გულში.
მადლობას ვუხდი აშშ-ს პრეზიდენტს, სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგს, ჯონ ქოულს, კრისტოფერ სმიტს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს მათი ძალისხმევისთვის.
ჩვენი საქმე აქ არ დასრულებულა. 1150 პოლიტპატიმარი კვლავაც გისოსებს მიღმა რჩება. ყველა უნდა გათავისუფლდეს”. – წერს ტიხანოვსკაია X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს.