სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში დაიწყო ტანკსაწინააღმდეგო სანგრების გათხრა, რომელიც ბალტიის თავდაცვითი ზონის ნაწილი გახდება.
პროექტის თანახმად, წელს ამ სამუშაობზე 4,4 მილიონი ევრო დაიხარჯება და 28 ბუნკერი და 10 საცავი მოეწყობა.
ხელოვნური წინაღობების მოსაწყობად, ესტონეთის თავდაცვის ძალები (EDF) თავდაცვის ინვესტიციების ცენტრთან (RKIK) თანამშრომლობენ.
ბალტიის თავდაცვითი ზონის პროექტის მენეჯერმა, არმინ სიილივასკმა ტელეგადაცემაში „აქტუალური კამერა“ (Aktuaalne kaamera) განაცხადა: „ამჟამად, ოთხ კილომეტრამდე სიგრძის ტანკსაწინააღმდეგო სანგარი კეთდება. მალე 28-მდე ბუნკერის ადგილმდებარეობა დამტკიცდება და მათი მშენებლობის დასრულებას, ათამდე საცავთან ერთად, ამ შემოდგომისთვის ვგეგმავთ“.
მაშინ, როდესაც ესტონეთის აღმოსავლეთი საზღვრის დიდი ნაწილი წყალსატევებს მიუყვება, შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთში საზღვარი ხშირტყიან მიწებზე გადის და ესტონეთის თავდაცვის ძალების ანალიზისა და რეკომენდაციის შესაბამისად, ტანკსაწინააღმდეგო სანგრების გათხრა სწორედ ამ ზონაში მიმდინარეობს.
ბოლო წლებში, სახელმწიფო საზღვარზე უკვე ჩატარდა სერიოზული სამუშაოები, კერძოდ – მოეწყო ღობეები და მონიტორინგის ობიექტები. ტანკსაწინააღმდეგო სანგრებს კი ორმაგი დანიშნულება ექნება – მშვიდობიან პერიოდში ისინი საზღვრის ზედამხედველობისთვის იქნება გამოყენებული.
ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (PPA) პიუსას მონაკვეთის სასაზღვრო განყოფილების უფროსი, რომეტ ნიილუსი ამბობს: „ეს უბრალო გზისპირა თხრილი კი არა, არამედ ღრმა სანგარია. მისი მიზანია მოწინააღმდეგის ძალების შეფერხება და დროის მოგება, რათა ინციდენტზე რეაგირება მოვახდინოთ“.
ხელოვნური დაბრკოლებები შენდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე.
სიილივასკი განაგრძობს: „ამჟამინდელი სამშენებლო მონაკვეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარეობს. სხვა უბნებზე ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ გვეცოდინება, კერძო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რა ფართობის მიწის ათვისება გახდება საჭირო. მიწის მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევის სამი ვარიანტი არსებობს – საჭირო მონაკვეთს კერძო მესაკუთრისგან ვყიდულობთ, ვქირაობთ ან მიწის გაცვლას ვთავაზობთ“.
სამშენებლო ზონაში მდებარეობს ვინსკის დასახლება (ვირუმაას ოლქი). როდესაც „აქტუალური კამერის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა, იქ ექსკავატორი მუშაობდა და დაახლოებით სამი მეტრის სიღრმის სანგარს თხრიდა, რომელიც ბალტიის თავდაცვის ზონის ნაწილი გახდება. თავდაცვის ძალების საინჟინრო დივიზიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, აინარ აფანასიევმა აღნიშნა: „ამ ადგილზე მოწყობილი ტანკსაწინააღმდეგო სანგარი მტერს შეაჩერებს, მის მოქმედებებს შეანელებს, ხოლო თუ მოწინააღმდეგე გასასვლელის გაკეთებას შეეცდება, ისინი ჩვენთვის ძალიან კარგ სამიზნედ იქცევიან. სანგარი ოთხი მეტრი სიგანისა და სამი მეტრი სიღრმის იქნება. მას დამატებითი დაბრკოლების შექმნის დანიშნულება ექნება“.
მიმდინარე სამუშაოები, არსებულ პრაქტიკასთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამოცდილებასაც ეფუძნება.