პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.
”მე ვიცი რას ნიშნავს იყო პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელის ოჯახის წევრი. მე ვიცი რას ნიშნავს ყოველ დღე, შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანის სიცოცხლისა და უსარფთხოების დასაცავად და თავს არ ზოგავდე ამისთვის. მე ვიცი რას ნიშნავს გეღუპებოდეს თანამებრძოლი. მე ისიც ვიცი, რა გრძნობაა, როდესაც ბოროტებაზე იმარჯვებ. ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგახართ ყოველ დღე და არ ეპუებით.
ისიც კარგად ვიცი რამხელა მოტივაცია და სიამაყეა, როდესაც შენი პროფესია გაძლევს საშულებას იზრუნო ადამიანებზე და მათ სიმშვიდეზე.
კარგად მესმის, როგორი პასუხისმგებლობაა გერქვას საქართველოს პოლიციელი. იყო ნამდვილი პოლიციელი – ეს არის მოწოდება, მოწოდება იდგე შენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მართლწესრიგის სადარაჯოზე დღე და ღამე, სადაც არ უნდა იყო, 24 საათი. ამიტომ მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი უკვე ნიშნავს იყო გმირი”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას ასევე კარგად ესმის რა მსხვერპლი გაიღეს ოჯახებმა, რომელთა ახლობლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისას დაიღუპნენ.
”ეს ადამიანები ჩვენს გვერდით აღარ არიან, თუმცა მათ ოჯახებს, შვილებს საქართველოს პოლიცია, ჩვენი სისტემა და მე პირადად, ყოველთვის ზურგს გავუმაგრებთ. ეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია”,– განაცხადა მღებრიშვილმა.